English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ დევი შონია
საქართველოს ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი

ანოტაცია

ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის მიმდინარე პროცესი, არსებული შესაძლებლობების უფრო მეტად გამოყენების მიზნით, მოითხოვს სიღრმისეული მეცნიერული კვლევების წარმოებას. სტატიაში განხილულია ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაციის მიმდინარე პროცესის ამსახველი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, ვერბალური და დიაგრამული მეთოდების გამოყენებით გამოკვეთილია ძირითადი ტენდენციები, გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკა, ინტეგრაცია, ვაჭრობა, სავაჭრო საქმიანობა.

შესავალი

საქართველოს ევროკავშირთან შორსმიმავალი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის განვითარებას ხელს უწყობს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა (ENP) [8] და ქვეყნის მუდმივი სწრაფვა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ევროპული დონის მიღწევისაკენ.
ინტეგრაციის მიზანია გაფართოებულ ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის კეთილდღეობის, ეკონომიკური სტაბილურობის და უსაფრთხოების მიღწევა. წლების განმავლობაში ევროკავშირი საერთაშორისო თანამშრომლობით მხარს უჭერს საქართველოს მისი ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაში, რაც მოიცავს ევროკავშირის საკანონმდებლო სტანდარტებთან თანხვედრაში დახმარებასაც. ევროკავშირი ასევე მტკიცედ რჩება ერთგული თავისი პოლიტიკის ჴ საქართველოს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად [9].

* * *

საქართველოს ბოლო წლების ეკონომიკური ზრდა ნაწილობრივ შესაძლებელი გახდა იმ მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების საშუალებით, რომლებიც მოიცავდა საგადასახადო მოსაკრებლების პროცედურების განახლებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ქვეყნის გახსნას ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ბიზნესგარემოს გამარტივებას. 2016 წელს საქართველო ,,ბიზნესის კეთების“ რეიტინგში, სამი კომპონენტით - ქონების რეგისტრაცია (მე-3 ადგილი), ბიზნესის დაწყება (მე-6 ადგილი) და კრედიტის მიღება (მე-7 ადგილი) მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების პირველ ათეულში შევიდა [1]. შექმნილმა ბიზნესგარემომ, შემცირებულმა კორუფციამ და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკამ (ENP) ბიძგი მისცა ქვეყნის საგარეო სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას.
2016 წლის 1 ივლისს სრულად შევიდა ძალაში 2014 წლის ივნისში ხელმოწერილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება [3], რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA). ამით ქვეყანამ მიიღო წვდომა ევროკავშირის ბაზარზე, რაც იმის შედეგი იყო, რომ უკანასკნელი 10-12 წლის განმავლობაში ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით საქართველო უფრო მეტად მიუახლოვდა ევროკავშირის წევრ - ქვეყნებს, ვიდრე ეს შეძლო აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებმა (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა).
DCFTA-ს ამოქმედებით გაჩნდა ახალი შესაძლებლობები და სტიმულები ქვეყნის ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციისათვის, ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობის, მათ შორის ექსპორტის დივერსიფიკაციისა და მისი სტაბილური ზრდისათვის. ამავდროულად, გაჩნდა ქართული საქონლისა და მომსახურებისათვის ევროპის თავისუფალი სავაჭრო ზონის ქვეყნების ბაზრებზეც წვდომის ახალი შესაძლებლობები.
არსებული შესაძლებლობების მიუხედავად, სხვადასხვა მიმართულებით ეს პოტენციალი ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ გამოიყენა საქართველომ.
2016 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3601 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14%-ით მეტი იყო. აქედან: ექსპორტი (571 მლნ აშშ დოლარი) ჴ 12%-ით ნაკლები იყო, ხოლო იმპორტი (3030 მლნ აშშ დოლარი) ჴ 20%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2016 წელს ევროკავშირის წილმა 30% შეადგინა, მათ შორის: ექსპორტში - 27%, იმპორტში 31% (2015 წელს შესაბამისად - 32, 29 და 32 პროცენტი).
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (სსეს) მონაცემების შესაბამისად, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ექსპორტის წილი 12%-ით ანუ 74 მლნ აშშ. დოლარით შემცირდა, ხოლო იმპორტი 20%-ით ანუ 511 მლნ აშშ. დოლარით გაიზარდა (გრაფიკი 1).


გრაფიკი 1. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკა 2007-2016 წწ.
მლნ აშშ დოლარი (მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში:
2012 წლამდე - 27, 2013-დან 28 ქვეყანა)
წყარო: www.geostat.ge

2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტმა მთელი ექსპორტის 27% შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (29,3%) შედარებით 2,3%-ით ნაკლები იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი 2012 წელს მთელი ექსპორტის 14-% იყო მხოლოდ.
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა დსთ-ს ქვეყნებთან 3%-ით შემცირდა (2721 მლნ აშშ დოლარი). აქედან, ექსპორტი 12%-ით, ანუ 739 მლნ აშშ დოლარით ნაკლები იყო, ხოლო იმპორტი 1%-ით ანუ 1983 მლნ აშშ დოლარით მეტი.
სსეს-ს 2017 წლის იანვარ-მარტის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან გაიზარდა და 641 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 26%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 159 მლნ აშშ დოლარი (44%-ით მეტი) და იმპორტი - 481 მლნ აშშ დოლარი (21%-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნებმა 28% შეადგინა, მათ შორის, ექსპორტშიც 28% და იმპორტშიც 28% (2016 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად, 26, 25 და 27 პროცენტი) და დღეისათვის ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია (გრაფიკი 2).

გრაფიკი 2. ქვეყნების ჯგუფების წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში
(2017 წლის იანვარ-მარტის წინასწარი მონაცემები)
წყარო: www.geostat.ge

სსეს-ს 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს ბულგარეთი (317 552.0 მლნ აშშ დოლარი), გერმანია (504 345.7 მლნ აშშ დოლარი) და ირლანდია (844 658.6 მლნ აშშ დოლარი) წარმოადგენდნენ. 2016 წელს საქართველოს დადებითი სავაჭრო სალდო მხოლოდ ბულგარეთთან (ექსპორტი - 167 159.3, იმპორტი - 150 392.7, სალდო - 16 766.6) და მალტასთან (ექსპორტი - 1 778.6, იმპორტი - 1 260.5, სალდო - 518.1) ჰქონდა.
2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 471,297,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 281,422 მლნ აშშ. დოლარით ნაკლები იყო 2015 წელთან შედარებით (758 720 მლნ აშშ დოლარი) და შეადგინა მთელი ინვესტიციების 29% - წინა 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (48%) 19%-ით ნაკლები და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში (საქართველოში განხორციელებული მთლიან ინვესტიციებში ევროკავშირის ქვეყნების წილის) ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (გრაფიკი 3).


გრაფიკი 3. საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან, 2006-2007 წწ.
(მლნ აშშ დოლარი)
წყარო: www.geostat.ge

2013 წლიდან 2020 წლამდე, ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში საქართველომ უნდა მიიღოს დახმარება 182 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც უნდა წარიმართოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებასა და სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე.
2017 წლის 5 მაისს, ევროკომისარ იოჰანეს ჰანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა 32 მლნ ევროს საფინანსო შეთანხმებას, რომლის მიზანიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის მხარდაჭერაა, რაც ხაზს უსვამს საქართველოსათვის იმ ინსტიტუციური რეფორმების მნიშვნელობას, რომლის განხორციელების პროცესშიც ის დღეს იმყოფება [7].
ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმში გადასვლამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტებისათვის ევროკავშირის ბაზარზე გზის გახსნამ, იმპორტის გადასახადის გაუქმებამ, გაზარდა მოთხოვნა მთელ რიგ ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე და შესაბამისად გაიზრდება დასაქმებაც. მაგალითად, 2015 წელს საქართველოს თხილის ექსპორტის 83% ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა, ასევე ქართული ღვინის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 2005 წლიდან (732 ათასი ბოთლი) 2015 წლისათვის 22 პროცენტით გაიზარდა (3300 ათასი ბოთლი)[3]. მზარდი ტენდენცია გააჩნია ქართული თაფლის ექსპორტს. მისმა ექსპორტმა 2005 წლიდან (0,7 ტონა) 2015 წლისათვის 8,3 ტონა შეადგინა. 2016 წლის 28 ნოემბერს ევროკომისიამ შეიტანა ცვლილება მის 2011/163 გადაწყვეტილებაში და საქართველო დაემატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც შესაძლებელია თაფლის იმპორტი ევროკავშირში.
წინასწარი გათვლებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესმა უნდა გამოიწვიოს საქართველოს მშპ-ს ზრდა 4-5%-ით, ხოლო ხელფასის გაზრდა 3-4%-ით [5]. თუმცა ამ გზაზე, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ დიდი ეკონომიკური სხვაობაა, საქართველოს ბევრი სირთულე აქვს გადასალახი, რაც მეტ შეუპოვრობას და პრინციპულობას მოითხოვს.
პროცესის შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საჯარო ინსტიტუტების, მათ შორის ვაჭრობის ინსტიტუტების (სტატისტიკური ინფორმაციის, ვაჭრობის აღრიცხვის) სრულყოფა, ასევე კერძო მონოპოლიების პრევენციის და საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების მიზნით კონკურენციის სამსახურის მეტი აქტიურობა, აგრარულ სფეროში სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების, მრეწველობაში ტექნიკური რეგულაციების დაცვის გაუმჯობესება, მოწინავე ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინება.
DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობა, აწყობს შეხვედრებს ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის, საერთაშორისო (ISO, IEC) და ევროპული (EN) სტანდარტების მიღების, აკრედიტაციის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, სახელმწიფო შესყიდვების და ა. შ. მიმართულებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო დახმარების საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით, შექმნა DCFTA-ის ვებპორტალი - www.dcfta.gov.ge, რომელიც მოიცავს DCFTA-სთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, მათ შორის საერთაშორისო მხარდაჭერის, ბიზნესისათვის DCFTA-ს მიერ შექმნილი შესაძლებლობების და სხვა სიახლეების შესახებ. 2016 წლის იანვრიდან ასევე ფუნქციონირება დაიწყო ვებგვერდებმა www.een-georgia.ge და www.tradewithgeorgia.com, Facebook-ის გვერდმა „Enterpirse Europe Network Georgia“, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიან ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ქართული კომპანიებისა და მათი პროდუქტების, საქართველოს სავაჭრო პარტნიორების, საბაჟო გადასახადებისა და პროცედურების შესახებ. აქ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, დაარეგისტრირონ ექსპორტისთვის განკუთვნილი საკუთარი პროდუქტი და მომსახურება.
2016 წლის 14 ნოემბერს საქართველოს მთავრობის N507 დადგენილებით [6] დაინერგა უფლებამოსილი ექსპორტიორის ინსტიტუტი, რითაც ამოქმედდა ასოცირების შეთანხმების პირველი ოქმი. შესაბამისი პირობების თანახმად, საქართველოს უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსმინიჭებულ ექსპორტიორ პირებს შეეძლებათ პროდუქციის წარმოშობის დასადასტურებლად, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული შეღავათიანი წარმოშობის სერტიფიკატის EUR1-ის ნაცვლად, გამოიყენონ მათ მიერვე შედგენილი წარმოშობის დეკლარაცია.

დასკვნა

ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის აქტიურ ქმედებებთან ერთად, პროცესის დაჩქარებისა და გაღრმავებისათვის, მეტად მნიშვნელოვანია მეცნიერული კვლევების გააქტიურებაც განვითარების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზის, მათ შორის ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების პროგნოზული მოდელირების (ex-ante - ანალიზი), ევროკავშირთან ვაჭრობაზე დამოკიდებულების, ვაჭრობის კომპლემენტარობის, ეფექტების, ექსპორტის სასაქონლო სტრუქტურის, ზრდისა და კლების ტემპების მიზეზების, სავაჭრო ბარიერების იდენტიფიკაციის, სასაზღვრო და ა. შ. პრობლემების მიმართულებით.

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საქართველო მსოფლიო რეიტინგებში 2012-2016. მონაცემები ეყრდნობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ანგარიშებსა და შეფასებებს. მათ შორის: http://www.doingbusiness.org.

2. საქართველოს ეკონომიკა 2016 წელს. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრი (EPRC). ოქტომბერი, 2016. www.eprc.ge.
3. ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების გზამკვლევი სოფლის მეურნეობის სექტორისათვის. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრი (EPRC) www.georgianfarmers.wordpress.com.
4. საქართველო მსოფლიო რეიტინგებში. 2012-2016. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2016. www.economy.gov.ge;
5. 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში. 2017. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. თებერვალი.
6. ,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. საქართველოს მთავრობის დადგენილება №507, 14 ნოემბერი, 2016.
7. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური განცხადება. 5 მაისი, 2017. www.mfa.gov.ge.
8. Access to European Union Law. http://eur-lex.europa.eu/.
9. Office of the State Minister of Georgia on European and Euro-Atlantic Integration http://www.eu-nato.gov.ge/ge/eu/association-agreement.
10. COMMISSION OF THE EUROPEAN COMMUNITIES. COMMUNICATION FROM THE COMMISION. European Neighborhood Policy. SRATEGY PAPER. Brussels, 12.5.2004. COM (2004) 373 final; http://www.europarl.europa.eu.
11. ACTS ADOPTED UNDER TITLE V OF THE EU TREATY COUNCIL JOINT ACTION 2008/736/CFSP 0f 15 September 2008 on the European Union Monitoring Mission in Georgia, EUMM Georgia. https://eumm.eu/ge/about_eumm/legalbasis.